რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული 4 მოქალაქე თავისუფალია
გუშინ გატაცებული 4 პირი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა გაათავისუფლა და ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელ ირაკლი ანთაძესთან ერთად რამდენიმე წუთის წინ გადმოვიდნენ.
“რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ჩვენი 4 მოქალაქე. დაკავების მომენტიდანვე მოლაპარაკებებში ჩაერთნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა კომუნიკაცია ევროკავშირის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით და საერთო ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ჩვენი მოქალაქეები გადმოგვეყვანა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და დღეს ისინი შეხვდებიან საკუთარ ოჯახის წევრებს”, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.