მცხეთაში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო
მცხეთაში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ვითარებაში აინთო. დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ელოშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.
„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ მხნეობას, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას, რაც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, საახალწლო ღონისძიებები კვლავაც აქტიურად გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მცხეთაში, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში, კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით, გაიმართება კონცერტები, მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები და სხვა.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტების მერიებისა და კულტურის ცენტრების მიერ კიდევ არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, სადაც თქვენი საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგს. მჯერა, რომ 2022 წელი ჩვენი ქვეყნისათვის მეტად ნაყოფიერი იქნება,“ – განაცხადა დავით ნოზაძემ.
ქალაქ მცხეთის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება მუსიკალურად ანსამბლმა „მცხეთამ“ და ღამის შოუს ბენდმა გააფორმეს. საღამოს ანდრია გველესიანი უძღვებოდა.
ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ 23 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, მცხეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის საახალწლო ღონისძიება კვლავ გაიმართება.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.