“წმინდა გიორგის სალოცავში ასულან”- რას აცხადებენ ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული  საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებმა 4 ადამიანის დაკავების შესახებ დღეს დილით, ქართველი სამართალდამცველებისგან შეიტყვეს. დაკავებულების ოჯახის წევრების ინფორმაციით, 4 ადგილობრივი წმინდა გიორგის სალოცავში ავიდა, რომელიც პირობითად, უკანონოდ გავლებული საოკუპაციო ხაზის მიღმაა მოქცეული.

“გარეთ გავიდა, ველოდებოდი მთელი ღამე და აღარ მოვიდა. ზევით ავიდნენო, სალოცავია წმინდა გიორგის. მერე გავიგე, რომ რუსებს წაუყვანიათ. ჩვენი პოლიცია მოვიდა ჩვენთან და მათ გვითხრეს, 4 ბიჭია წაყვანილი”,- აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის დედა.

“გავიგე დილით, რომ უქეიფიათ და სალოცავში წასულან. დამიკავშირდა პოლიცია და რუსულმა მხარემ გადმოგვცა ჩვენ გვყავს 4 პირიო. ჩემი ძმა და ძმისშვილია დაკავებული”,- ამბობს დაკავებულების ოჯახის წევრი.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ საქართველოს 4 მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია სუს-მა გააგვრცელა.

​„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მყისიერად მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
​საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალაბს ეკისრება. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას“,- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები