ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში სამშენებლო კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, გარდაცვლილი ადგილობრივია.
მისივე ინფორმაციით, კონსტრუქციის ნანგრევებიდან გამოყვანილი 6 ადამიანი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა დაზიანებით კლინიკებში გადაიყვანეს.
“დიახ, გიდასტურებთ, გარდაცვლილია ერთი ადგილობრივი,დაშავებულია ექვსი პირი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებით კლინიკებში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალიტები და შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გახდა კონსტრუქციის ჩამონგრევის მიზეზი”, – ამბობს ხარაგაულის მერი.
ლურსმანაშვილის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები გრძელდება და არ არის გამორიცხული ნანგრევებში კიდევ იყვნენ სხვა თანამშრომლები.
შეგახსენებთ, დღეს ხარაგაულში, სოფელ ვერტყვიჭალაში სამშენებლო კონსტრუქცია დილით ჩამოინგრა.