შეზღუდული გადაადგილება, უშუქობა – მესტიაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა
მესტიის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. როგორც ”კვირას” მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, თოვლმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ჟორჟოლიანის თქმით, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადები პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობენ და მესტიელებს შუქის მიწოდება მალე აღუდგებათ.
რაც შეეხება გზებს, კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ზვავსაშიშროების გამო სრულად არის ჩაკეტილი მესტია- უშგულის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთი. მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ დგას და სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.