გორში „მუნიციპალური ახალგაზრდული ფორუმი“ ტარდება
გორში, პირველი „მუნიციპალური ახალგაზრდული ფორუმი“ ტარდება. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ფორუმი დღეს გაიხსნა და ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები გორის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მათთვის საინტერესო თემებზე იმსჯელებენ და პრობლემატური საკითხების გადაჭრის გზებს დასახავენ.
“ფორუმის გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაზე, ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფორუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების ინფორმირებულობას, მათ სამოქალაქო აქტივიზმსა და ჩართულობას სოციალურ პროექტებსა თუ პროგრამებში.
პროექტში, რომელიც გორის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების“ თანადაფინანსებით ხორციელდება, კონკურსის წესით შერჩეული 75 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას.
ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას ევროკავშირის გაცვლით პროგრამებზე, ეროვნულ დონეზე განსახორციელებელ ახალგაზრდულ პროგრამებსა და სხვადასხვა შესაძლებლობებზე. ასევე, მათ შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ გორის მუნიციპალიტეტში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციების მუშაობის პრინციპსა და მათ მიერ სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებს, არასამთავრობო სექტორისა და საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გამართონ პანელური დისკუსიები, იმუშაონ სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე.
მუნიციპალურ ახალგაზრდულ ფორუმს ორი დღის განმავლობაში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მასპინძლობს.
კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, პროექტის განხორციელებისას დაცული იქნება ყველა სახელმწიფო რეგულაცია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.