ნინო ლაცაბიძემ საზოგადოებას ახალი მუნიციპალური სერვისის პრეზენტაცია წარუდგინა
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტზე და ლიფტების ოპერირების ახალ მუნიციპალურ პროგრამაზე დეტალურად ისაუბრა.
,,ლიფტების რეაბილიტაციის პროექტი უკვე დაწყებული გვაქვს და კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში ვაპირებთ ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებას, მანამდე კი შემოგვაქვს ახალი პროგრამა. ახალი პროგრამის ფარგლებში, კორპუსის ამხანაგობებთან ერთად მუნიციპალიტეტი თავის თავზე აიღებს იმ ხარჯებს, რომლის გადახდაც, აქამდე მოსახლეობას უწევდა ლიფტით სარგებლობასა და მომსახურებაში. 1 იანვრიდან რუსთავში, კორპუსის ამხანაგობის მომართვის შემთხევაში, ლიფტები გახდება უფასო. ამ საკითხს, ძალიან ბევრი ადამიანი ისე მსუბუქად და ქილიკით უყურებდა. 60 ათასი ადამიანი რუსთავში ყოველდღე სარგებლობს ლიფტით, მათში ძალიან ბევრია პენსიონერი, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი, მე ვფიქრობ, რომ მათთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება ის, რომ მუნიციპალიტეტი ამ სერვისს უფასოდ შესთავაზებთ”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
როგორც ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რუსთავში 1200 ძველი ლიფტია, რომელთა სრულად ახალით ჩანაცვლებას, 40 მილიონ ლარამდე სჭირდება, თანხის გარკვეული ნაწილი 2022 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.
,,პროგრამის განსახორციელებლად, 40 მილიონი ლარის მობილიზებაა საჭირო, ეს არ არის მარტივი ისეთი მუნიციპალიტეტისთვის, როგორიც რუსთავია. ვფიქრობთ, რომ სწორი მუშაობით სახელმწიფოსთან და შესაბამის სამინისტროებთან, შევძლებთ, რომ როგორც ჩვენი, ასევე სახელმწიფო რესურსით, ჩვენს ქალაქში უსაფრთხო ლიფტები გვქონდეს. ჩვენ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვახერხოთ საფრთხის შემცველი ლიფტები ჩავაცვლოთ ევროპული, თანამედროვე სტანდარტის ლიფტებით”, – განაცხადა რუსთავის მერმა ახალი პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.
რუსთავში მრავალსართულიან კორპუსებში 1200-მდე ძველი ლიფტია. ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია. პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება და მისი სრული ღირებულება 40 მილიონი ლარია. ლიფტების ოპერირების ახალი პროგრამა, რომელსაც რუსთავის მერია 2022 წლიდან აამოქმედებს, ლიფტით სარგებლობისა და ტექნიკური მომსახურების უფასო სერვისს გულისხმობს.