საგარეჯოს მერის ინიციატივით, სოფელ უდაბნოში „ღია სახალისო ფეხბურთის სკოლების” პრეზენტაცია გაიმართა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის ინიციატივით, საფეხბურთო კლუბის -„გარეჯი 1960″ -ის მენეჯერი ლადო დათუნაშვილი უეფას მედია ოფიცერ, მამუკა კვარაცხელიასთან ერთად სოფელ უდაბნოს ესტუმრა და ახალ მინი სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საბავშვო პროგრამა – „ღია სახალისო ფეხბურთის სკოლების” პრეზენტაცია გამართეს. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროგრამას უძღვებოდა „სფფს ოფფს” ხელმძღვანელი, უეფას მედია ოფიცერი- მამუკა კვარაცხელია, რომელიც ყოველ წელს ცდილობს საგარეჯოელი ბავშვების ბურთებითა და ინვენტარით გახარებას. მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა საჩუქრები ბავშვებს გადასცა და ახალი ასაკობრივი გუნდის ჩამოყალიბება მიულოცა მწვრთნელსა და მოსწავლეებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 16 დეკემბერს სოფელ უდაბნოში საფეხბურთო კლუბ “გარეჯთან” არსებული ბავშვთა საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა და დაიწყო საწვრთნელი მეცადინეობები, თეზო ხაჭვანის ხელმძღვანელობით.
“დღეს, მნიშვნელოვანი და ემოციით დატვირთული დღეა, სოფელ უდაბნოს ბავშვებს, რომლებიც ქალაქის ცენტრიდან ათეულობით კილომეტრით არიან დაშორებული, გადავეცით ბურთები, მაისურები, მოსასხამები, ნიშნულები და სხვა საფეხბურთო ატრიბუტიკა. ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ სპორტის სახეობები, სახელოვნებო წრეები და დავამკვიდროთ ჯანსაღი ცხოვრების წესი.
სულ მალე დასრულდება ახალი, მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობაც და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ ადგილობრივებს ფიზიკური განვითარებისა და განტვირთვისთვის. ჩემი მიზანია, რომ შევქმნათ სპორტული ინფრასტრუქტურა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში და სპორტის სახეობები ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ”,- განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.
„ღია სახალისო ფეხბურთის სკოლების” პრეზენტაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსი იოსელიანი და სოფლის წარმომადგენელი ბესიკ გვიდანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები