სახელმწიფო მინისტრი სამუშაო ვიზიტით სამცხე-ჯავახეთს ეწვია და ადგილობრივებთან შეხვედრები გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია. სახელმწიფო მინისტრმა რეგიონში ვიზიტი ახალციხის მუნიციპალიტეტში შეხვედრებით დაიწყო. თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სოფელ ყულალისის, დიდი და პატარა პამაჯისა და ორალის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. თეა ახვლედიანმა შეხვედრებზე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, 2022 წელს დაგეგმილ პროექტებსა და აქტივობებზე ისაუბრა. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრს საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გაუზიარეს სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, საუბარი და მსჯელობა შეეხო სხვადასხვა აქტუალურ თემებსა და მიმდინარე პროცესებს.
თეა ახვლედიანმა მოსახლეობას სამომავლო გეგმებთან ერთად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები გააცნო და ვრცლად ისაუბრა სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე, რაც სამოქალაქო ინტეგრაციის ძირითად საფუძველს წარმოადგენს. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზეც. თეა ახვლედიანმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო პირბადეები გადასცა.
სახელმწიფო მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც შეხვდა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან და მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა რეგიონული ვიზიტის მიზნებზე, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდრო დასახლებულ სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებისას, სამოქალაქო ინტეგრაციის პრიორიტეტებისა და COVID-19-ის პრევენციის მნიშვნელობის ჭრილში ისაუბრა და ამ კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნო.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ასევე დაგეგმილია ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სოფლებში.
„ვაგრძელებთ ჩვენს ინტენსიურ და რეგულარულ შეხვედრებს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობასთან. ამჯერად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში ვმართავთ შეხვედრებს ეთნიკური უმცირესობებით წარმოდგენილი ადგილობრივი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა და აქტუალური დისკუსიები ახალგაზრდებთან. ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და აკადემიურ წრეებთან განვიხილეთ სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის სტრატეგიული ამოცანები და პრიორიტეტები, მოვისმინეთ მათი შეფასებები, პოზიციები, ასევე ვიმსჯელეთ ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებისკენ მიმართულ ღონისძიებებზე. ზოგადად, დიდია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი ამგვარი შეხვედრების მიმართ, განსაკუთრებით სოფლად. ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩვენ ვიმსჯელეთ მათ წინაშე არსებულ მიმდინარე და გრძელვადიან საჭიროებებზე, მოვისმინეთ მათი მოლოდინები, პოზიციები, ისევე როგორც ვიმსჯელეთ თვითმმართველობასთან ამ ამოცანების გადაჭრის გზებზე. გამართულ შეხვედრებზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო კოვიდპანდემიის პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის მნიშვნელობის ხაზგასმა, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.