ქარელის მერია: ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ მგლების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა
ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია ქარელის მუნიციპალიტეტში მგლების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რამაც მოსახლეობაში გაურკვევლობა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქარელის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ მერიას არაერთხელ მიმართა სოფელ მოხისის მოსახლეობამ მგლების მიერ შინაური პირუტყვის გატაცება-დაგლეჯვასთან დაკავშირებით.
“მიმართვიანობიდან გამომდინარე, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2020 წლის N 574 დადგენილებით „გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება N2-904, სადაც დადგენილია 2020-2021 წწ. გარეულ ცხოველთა იმ სახეობების ჩამონათვალი, რომელთა რაოდენობის რეგულირების ღონისძიება მუნიციპალიტეტებმა შესაძლებელია განახორციელონ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. გარდა ამისა, ხსენებული მთავრობის დადგენილება ადგენს, გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, მათ შორის გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირებას მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, ინფრასტრუქტურისა და სამეურნეო საქმიანობისთვის ზიანის თავიდან აცილების მიზნით.
,,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ, უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე” ქარელის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის გაფორებული 2020 წლის 17 თებერვლის N07 ხელშეკრულების შესაბამისად ქარელის მუნიციპალიტეტს მიეცა 10 მგლის ამოღების უფლება. მგლის ინდივიდების გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებული ღონისძიებები დაფინანსდება მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საჭიროების გათვალისწინებით. ქარელის მუნიციპალიტეტის მერია მგლის რეგულირების ღონისძიებებს ახორციელებს კანონის სრული დაცვით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.