ხმაური იყო ბათუმის მერიაში. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მერის კაბინეტში მოხდა. ოპოზიციონერებსა და მერს შორის დაპირისპირების მიზეზი ბათუმში მიმდინარე მშენებლობების საკითხი გახდა.
როგორც “ნაცმოძრაობის” წევრი, რეზო ხარაზი აცხადებს, 119 მშენებარე ობიექტიდან 49 უკანონოდ მიმდინარეობს.
„ მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ობიექტზე იარაღით მივიდა, თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი თანამშრომლები იარაღით უნდა დადიოდნენ? მოახდინეთ რეაგირება, შეუჩერეთ უფლებამოსილება ცოტა ხნით მაინც. აგვიხსენით ასევე, რატომ შენდება უნებართვოდ ლეონიძის ქუჩაზე ე.წ. ჩინური კვარტალი”, – განუცხადა რეზო ხარაზმა ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს.
ბათუმის მერმა ოპოზიციონერ დეპუტატებს განუცხდა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამართლებრივი ღონისძიებები მიმდინარეობს.
„ყველა ფაქტთან დაკავშირებით მერიის კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარეობს სამართლებრივი ღონისძიებები, კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა ერთ-ერთ ობიექტზე შესულ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს იქ მომუშავეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად გამოძიების შედეგების შესაბამისად გატარდება ღონისძიებები, არ არის საჭირო ეს მასკარადი”, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
“ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები მერის კაბინეტიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.