ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში აცრის მსურველთა რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა

სოფლად ვაქცინაციის ფარგლებში, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან, ომარ ტაკიძესთან და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შუახევის განყოფილების ხელმძღვანელთან, ფიქრია ჯუმუშაძესთან ერთად, ჭვანის სამედიცინო ამბულატორიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, სამთავრობო წამახალისებელი ინიციატივების ამოქმედების შემდეგ, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა.

“ვაქცინაციის პროცესი მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს, ბოლო პერიოდში მიმართვიანობა გაოთხმაგებულია, რაც სამთავრობო გადაწყვეტილებებს უკავშირდება. ამ დროისთვის 66% პროცენტია აცრილი და კვლავ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას, რომ სამიზნე მაჩვენებელი სრულად ავცრათ”, – აღნიშნა შუახევის მერმა.

ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანის უხუცესი გიგლა ამაღლობელიც.
,,აცრები არასოდეს ყოფილა საზიანო და მეც ჩემივე ჯანმრთელობის მოსაფრთხილებლად ავიცერი”- თქვა გიგლა ამაღლობელმა.

აღსანიშნავია, რომ აჭარაში უკვე ვაქცინირებულია სამიზნე კონტიგენტის 70%-ზე მეტი.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები