ახალციხეში ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

ახალციხის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში, თანამედროვე ახალციხელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
როგორც “კვირას” ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, გამოფენაზე 30-მდე ადგილობრივი ხელოვანის 80-მდე ნახატი იყო წარმოდგენილი, მათ შორის, როგორც პროფესიონალი, ისე თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრები.
გამოფენა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გამოფენაში მონაწილე მხატვრებს მხატვართა კავშირის მოწმობები გადასცა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურისა და სამხატვრო სკოლის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო. უახლოეს ხანში საქართველოს მხატვართა კავშირის მიერ კი წარმოდგენილი ნამუშევრების კატალოგი გამოიცემა.
აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებულ სამხატვრო სკოლაში მსგავსი სახის მასშტაბური გამოფენა პირველად მოეწყო. სამხატვრო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს განხორციელდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 294 998 ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში საკლასო ოთახებთან ერთად, მოეწყო საგამოფენო დარბაზიც.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები