ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ამირან გამყრელიძემ ოზურგეთში შეხვედრა გამართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე ოზურგეთში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და საკრებულოს წევრებს შეხვდა.

ოზურგეთი საპილოტეტედ შერჩეული მუნიციპალიტეტია და შეხვედრის მთავარ მიზანს სოფლებში მერის წარმომადგენლების ჩართულობით ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურება და აცრილთა სტატისტიკის გაზრდა წარმოადგენდა.

„დღეს ბატონ ამირანთან ერთად დავგეგმეთ ვაქცინაციის კამპანიის მომდევნო ეტაპი და განვიხილეთ პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად აქტიური გავხადოთ აღნიშნული კამპანია, რადგან ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობა”,- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

Ncdc-ს ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს რომ ოზურგეთში მოსახლეობის 60% აიცრას.

„ ოზურგეთი არის ერთ-ერთი სამოდელო მუნიციპალიტეტი, სადაც გვინდა, საერთო ძალისხმევით, ვაქცინაციით მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა მოვიცვათ. სამოდელოდ, მოგეხსენებათ, შევარჩიეთ გურჯაანი და ოზურგეთი გარკვეული მიზეზების გამო. იმიტომ, რომ ორივეგან ახლადარჩეული მერები გახლავთ ჯანდაცვის სისტემაში გამოცდილები. იციან ჯანდაცვის პრობლემები და კარგად იციან პანდემიის გამოწვევები.

ბატონ ავთანდილთან ერთად ვგეგმავ და გვაქვს სპეციალური მიკროდაგეგმარება ოზურგეთისთვის – თუ როგორ უნდა მოხდეს სოფლებში მეტი წახალისება, მეტი მუშაობა რწმუნებულების და სოფლის ექიმების საშუალებით, რათა მოსახლეობასთან გვქონდეს მაქსიმალური მოცვა. ანუ პირველ ეტაპზე გავიდეთ 60%- იან მოცვაზე და შემდეგში კიდევ უფრო ავწიოთ. მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთი დამატებითი სტიმულია, დავარწრმუნოთ მოსახლეობა, რომ აცრის გარეშე ჩვენ ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აღსანიშნავია, რომ გურიის რეგიონში იმუნიზაციის ცენტრებში, 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში აცრის მსურველთა რაოდენობამ იმატა, რასაც ხელი შეუწყო საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულმა ფინანსურმა ღონისძიებამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები