ჩხოროწყუს საკრებულომ პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ვერ აირჩია – მომდევნო კენჭისყრაზე “ქართული ოცნების” კანდიდატი გავა
ქვორუმის არარსებობს გამო, ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა ერთი კვირით გადაიდო.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ უარი განაცხადა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობაზე, ქვორუმი ვერ შედგა და სხდომა გადაიდო.
ჩხოროწყუს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დღეს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატი იყო წარდგენილი. პარტია “საქართველოსთვის” წევრი შოთა წურწუმია და “ქართული ოცნებიდან” ჯუმბერ იზორია.
კენჭისყრის ჩატარებამდე პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელს შოთა წურწუმიას ღიად გამოუცხადეს მხარდაჭერა “ნაციონალურმა მოძრობის”, “ლელოსა” და “საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა. ოპოზიციონერების განცხადებით, ქვეყანაში ცვლილებების დროა.
საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგები ასე გადანაწილდა: შოთა წურწუმია – 12 ხმა, ჯუმბერ იზორია -13. 1 ბიულეტენი გაბათილდა, რადგან ორივე კანდიდატი გადახაზული იყო.
ვინაიდან, პირველ კენჭისყრაში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო გამარჯვებისთვის საჭირო ნახევარზე მეტი – 14 ხმა, ფარული კენჭისყრა ხელმეორედ გაიმართება. მასში, კანონის თანახმად, მონაწილეობას მიიღებს ერთი კანდიდატი, ჯუმბერ იზორია, რადგან მან პირველ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 დეპუტატი ჰყავს. აქედან 7 მანდატი ეკუთვნის – პარტიას “გახარია საქართველოსთვის”, 7- “ნაციონალურ მოძრაობას”, 1 -“ლელოს” და 12 “ქართულ ოცნებას”. დღევანდელ სხდომას ენმ -ის 1 დეპუტატი რამაზ გულუა არ ესწრებოდა.