ფოთის მერი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა სამუშაო შესრულდეს ხარისხიანად, რასაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა
ქალაქ ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტი ითვალისწინებს: საფეხმავლო და ველო ბილიკების მოწყობას; საინჟინრო (ჰიდროტექნიკური) ნაგებობის აღდგენა-რეაბილიტაციას; ტერიტორიის გამწვანება-კეთილმოწყობას; მისასვლელი გზების და სანიაღვრე არხების მოწყობას.
კუნძულის სანაპირო ზოლზე მოეწყობა დაღუპულ მეზღვაურთა მონუმენტი.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე პირველ მოადგილესთან, დავით კვიციანთან ერთად გაეცნო.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა სამუშაო შესრულდეს ხარისხიანად, რასაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. რაც შეეხება, ამ ეტაპამდე განხორციელებულ სამუშაოებს, დაევალა შემსრულებელ კომპანიას დროულად გამოასწოროს გამოვლენილი ხარვეზები.
გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ, რომ პარალელურ რეჟიმში დავიწყოთ სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოები და ზაფხულის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შევხვდეთ”-განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.