#ავიცრათერთმანეთისთვის – სტუდენტურ კამპანიას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო უნივერსიტეტის სტუდენტების გამოწვევა მიიღეს და #ავიცრათერთმანეთისთვის – კამპანიას შეუერთდნენ.

8 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ვაქცინაციის პროცესის  გააქტიურების მიზნით, ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს.  აქციის ფარგლებში, ფოტო და ვიდეომიმართვები, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებული სამოტივაციო მესიჯები, ინტერნეტსივრცეში კამპანიის – #ავიცრათმანეთისთვის სლოგანით გაავრცელეს.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი რიგით მეექვსე  საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სტუდენტურ კამპანიას შეუერთდა. თავის მხრივ, სტუდენტებმა, ახალციხის სახელმწიფო უნოვერსიტეტის სტუდენტებს გაუგზავნეს გამოწვევა.

ვაქცინაციის  მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია – #ავიცრათერთმანეთისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს, ვაკის პარკში,  დაიწყო. ინიციატივის  შესახებ ონლაინმიმართვა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა,  ზურაბ ვადაჭკორიამ გაავრცელა.

მისი განცხადებით, ვაქცინაცია პანდემიის დასრულებისა და გადარჩენის ერთადერთი გზაა.

„Covid-19-თან ბრძოლის პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობა, პანდემიის დაწყების დღიდან, განუზომლად დიდია. პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების 87%, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის 93% სრულად არის ვაქცინირებული. აღნიშნულმა განსაზღვრა ის, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს ტრადიციულ  არადისტანციურ რეჟიმში.

მივმართავთ სრულიად საქართველოს საზოგადოებას, ჩვენ მოვინდომეთ და ეს შევძელით, შეძლებთ თქვენც.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იწყებენ საყოველთაო კამპანიას – #ავიცრათერთმანეთისთვის. აქციის ფარგლებში, სხვადასხვა სახის საინფორმაციო აქტივობაა დაგეგმილი. ჩვენი სურვილია, კამპანია გაგრძელდეს და მასში საქართველოს უნივერსიტეტები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობა ჩაერთოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გზავნილს ისინიც გაიზიარებენ და ერთიანი ძალებით შევძლებთ  მოქალაქეების დარწმუნეას  ვაქცინაციის აუცილებლობაში.

კამპანიის გზავნილია – „ავიცრათ ერთმანეთისთვის“, ეს არის უალტერნატივო გზა, საკუთარი თავისა და სხვების გადასარჩენად, პანდემიის დასასრულებლად “, – განაცხადა ზურაბ ვადაჭკორიამ.

აღნიშნული პროექტი კომპანია „ქოლგას“ მხარდაჭერით ხორციელდება.

 „კამპანია  – #ავიცრათერთმანეთისთვის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით წამოვიწყეთ. ვფიქრობთ,  იმუნიზაციის პროცესში ახალგაზრდა თაობის, კერძოდ კი სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშნელოვანია“,  – აცხადებენ ორგანიზაცია „ქოლგაში“.

 აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაწყებულ კამპანიას პერმანენტულად სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტები შეუერთდებიან და, თბილისის გარდა,  საქართველოს სხვადასხვა ქალაქში – გორში, ქუთაისში, ახალციხეში, კახეთში, ზუგდიდსა და ბათუმში ანალოგიურ ღონისძიებებს ჩაატარებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები