ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში,მდინარე არეშთან XV -XVI საუკუნეებში აგურით ნაშენებ საქარავნე ხიდს მიაკვლიეს.
შვიდმეტრიანი თაღოვანი ხიდი აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ქარავანის მდინარე არეშზე გადასასვლელად გამოიყენებოდა. ხიდის სიგანე ორი მეტრია, მისი ბურჯები გამაგრებულია მდინარის ქვებისგან აგებული მყარი გალავანით.
ლაგოდეხის მხარეთმცოდენობის მუზეუმის არქეოლოგის დავით ყვავაძის განმარტებით, მნიშვნელოვანი აღმოჩენაა და სპეციალისტებისგან შესწავლას საჭიროებს.
“პირველ რიგში, რაც სასწრაფოდ არის გასაკეთებელი, უნდა მოხდეს ხიდის გასუფთავება ეკალ-ბარდისგან და იქ უნდა განთავსდეს ბანერი, რომ მას იცავს სახელმწიფო. ეს უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აგური არავინ მოიპაროს. მერიაში მითხრეს, რომ სამუშაოებს შეასრულებენ. შემდგომი კვლევები კი ძეგლთა დაცვის სააგენტოსგან იქნება ჩასატარებელი. ეს არის ნამდვილად აღმოჩენა.აქ იყო საქარავნო გზა, რომელიც ირანიდან მოდიოდა და სრულდებოდა გრემში. გზა უწინდელი ჰერეთის, ახლანდელი ლაგოდეხის ტერიტორიაზე გადიოდა. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხში ორ ადგილზე შემორჩენილია ქარვასლა თავისი კოშკურებით, სადაც ქარავანი ჩერდებოდა და იქ მყოფები ისვენებდნენ. ახალი აღმოჩენა შეიძლება შევიდეს ტურისტულ მარშრუტში“, – ამბობს დავით ყვავაძე.