საქართველოში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობებისა და ძვირფასი ქვების უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“ და „სადახლო-საავტომობილო“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს, სომხეთის, თურქეთისა და თურქმენეთის მოქალაქეების, როგორც ფიზიკურად, ისევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და ძვირფასი ქვები გამოვლინდა.
“განსაკუთრებით, აღსანიშნავია ბათუმის აეროპორტში მომხდარი ფაქტი, სადაც თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შეეცადა 47 377 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები მალულად შემოეტანა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 56 348,51 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები სანქციის სახით, საერთო ჯამში, 8 971,51 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო სამართალდამრღვევი თურქმენეთის მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.