ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში ავსტრიული კუთხე გაიხსნა
ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში „ავსტრიული კუთხე“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან, ზუგდიდის მერთან და ავსტრიის ელჩთან საქართველოში თომას მიულმანთან ერთად დაესწრო.
ავსტრიის საელჩომ ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში ავსტრიული კუთხე საბაზისოდ აღჭურვა გერმანულენოვანი წიგნებითა და პუბლიკაციებით. ავსტრიის ელჩის განცხადებით, სამომავლოდ ბიბლიოთეკა წიგნადი ფონდით კიდევ შეივსება.
„მიხარია, რომ დღეს ზუგდიდი მასპინძლობს ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ თომას მიულმანს. მოგესალმებით ბატონო ელჩო მიხარია, რომ აქ ხართ და თქვენი წვლილი შეგაქვთ ზუგდიდელი ახალგაზრდების განათლების საკითხში. მადლობა იმ წიგნადი ფონდისთვის, რომელიც თქვენ ამ ისტორიულ სკოლას დღეს საჩუქრად გადაეცით.
მიმდინარე წლის ოქტომბერში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონმა და ტიროლის ფედერალურმა მიწამ ხელი მოვაწერეთ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მთელ რიგ სფეროებში თანამშრომლობას გულისხმობს.
ჩვენ ავსტრიელ ხალხთან მეგობრობის მრავალწლიანი ისტორია გვაქვს. სამაგალითოდ ბერტა ფონ ზუტნერიც კმარა, მსოფლიოში ცნობილი მწერალი და პაციფისტი, რომელმაც ზუგდიდში ხუთი წელი იცხოვრა და უზომოდ უყვარდა სამეგრელო.
მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო ელჩო, მიხარია რომ თქვენი პრიორიტეტი მომავალ თაობებზე და განათლებაზე ზრუნვაა“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ავსტრიის საელჩოს განათლების სფეროში ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ და მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ბულიამ.