ხულოში “,,ქალთა ოთახის” 2021 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამის” განმახორციელებელი ორგანოს ,,ქალთა ოთახის” მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, შემაჯამებელ შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მერის პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე, აპარატის უფროსი ალბერტ ბოლქვაძე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნარგიზ დეკანაძე, ქალთა ოთახის მოხალისეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
“პროგრამით ჩატარებული ყველა შეხვედრა და აქტივობა მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებით გაიმართა, ამაში ქალთა ოთახის მენეჯერს საინიციატივო ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ, რომლებიც ადგილობრივ ქალბატონებს წარმოადგენენ თითოეული თემიდან. ეს ქალბატონები ქალთა ოთახის მოხალისეები არიან. ისინი მთავარი საკონტაქტო პირები არიან ქალთა ოთახსა და მუნიციპალიტეტის ქალებს შორის ინფორმაციის გაცვლის კუთხით. ქალთა ოთახის საინიციატივო წევრების მოხალისეთა პროგრამა უკვე 3 წელია მოქმედებს.
ხულოს ქალთა ოთახს საინიციატივო ჯგუფის მოხალისე ქალბატონების გარდა, ,,ქალთა ოთახის ახალგაზრდა მოხალისეს” პროგრამაც აქვს, რომელიც 2021 წლის დასაწყისში ამოქმედდა და მასში 14-24 წლამდე ახალგაზრდა გოგონები არიან გაწევრიანებული.
ხულოს მუნიციაპლიტეტის ქალთა ოთახი ერთ-ერთი პირველი ქალთა ოთახია, რომელსაც მოხალისეთა პროგრამა აქვს და მისი მიზანი მოხალისეების უნარ-ჩვევების განვითარებაა, რათა გოგონებმა და ქალებმა დაეუფლონ სტრატეგიული მოლაპარაკების ხელოვნებას, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება და სხვების სწორედ ინფორმირების გზით უკეთესებისკენ შეცვალონ ადამინების ცხოვრება.
ქალთა ოთახის შემაჯამებელი შეხვედრის მხარდამჭერი პარტნიორები, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრი იყვნენ.
შეხვედრის ბოლოს მოხალისეებს პროგრამაში მონაწილეობის და აქტიური ჩართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ მოხალისეთა პროგრამის შესარჩევი კონკურსი მომდევნო წლის იანვრიდან კვლავ ამოქმედდება და მასში უკვე მამაკაცებიც მიიღებენ მონაწილეობას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.