სამანდატო კომისიის თავმჯდომარე – “ნაცმოძრაობის” გადაწყვეტილებაზე : არგუმენტებში საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულო დღეს პირველად შეიკრიბა.
ზუგდიდის საკრებულომ  ახალი წევრების უფლებამოსილება ცნო. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღეს.

საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომა დატოვა. თეიმურაზ ბასილაიას განცხადებით, შემდგომ კენჭისყრის პროცედურებში აღარ აპირებენ მონაწილეობის მიღებას, რადგან მთელი საარჩევნო კამპანია აბსურდის „სპეცოპერაცია” იყო და დღეს ეს ყველაფერი „აბსურდის სცენარია”.

დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდია  ბასილაიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური დესტრუქციის კიდევ ერთი გამოვლინება.

„ეს არის პოლიტიკური დესტრუქციის კიდევ ერთი გამოვლინება. შეგახსენებთ, რომ მათ დღეს კენჭი უყარეს საკითხს საკრებულოს უფლებამოსილების თაობაზე. ოქმში ხაზგასმული იყო, რომ არჩევნები ჩატარდა კანონიერად, შესაბამისად მათ მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას საკუთარი უფლებამოსილება ცნეს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეს განცხადება, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანობის პრინციპების დარღვევით. ისინი წინააღმდეგობაში მოდიან საკუთარ თავთან. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი გუნდი, ვიღებთ პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტის განვითარებაზე, ჩვენ გვყავს არჩეული მერი, გვყავს მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობა, ჩვენ შევთავაზებთ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის სასიკეთო პოზიციებს და, იმედია, მუნიციპალიტეტს არ გაწირავს არცერთი მხარე გაჩერებისთვის. ვიმედოვნებ, ამ გუნდშიც გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას და შეძლებს პროცესების კონსტრუქციულად გაგრძელებას”.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი პირები უნდა აერჩიათ, კვორუმის არქონის გამო ერთი კვირით გადაიდო.

 

აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდის საკრებულო ავრცელებს. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები