თიანეთში კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერ ლევან წიკლაურთან და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ ბადრი კუკულაძესთან ერთად, დაბა თიანეთის კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციას, იმუნიზაციის პროცესსა და მის მნიშვნელობას ეხებოდა.
“მხარის პირველმა პირმა შეკრებილ საზოგადოებას კოვიდ-საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ჯანმრთელობისათვის, ასევე, ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის.
„იმუნიზაციის პროცესის მეტად გასააქტიურებლად ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად საინფორმაციო შეხვედრებს სისტემატურად ვმართავთ. ამჯერად, დაბა თიანეთის კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შევხვდით. ვაქცინაციის საჭიროებაზე, მის დადებით მხარეებზე ვისაუბრეთ და ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები გავუზიარეთ.
ასევე, შეკრებილ საზოგადოებას, რომელთა ნაწილი პენსიონერი იყო, კიდევ ერთხელ განვუმარტეთ მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირები, 1-ელ იანვრამდე ვაქცინაციის ჩატარების შემთხვევაში, 200 ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებენ.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში მასობრივი იმუნიზაციის 5 ცენტრი და 21 სოფლის ამბულატორია გვაქვს, სადაც აცრის გასაკეთებლად უსაფრთხო და კომფორტული გარემოა შექმნილი. ამიტომაც, მსურს, მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვთხოვო, რომ ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ“. – განაცხადა დავით ნოზაძემ.
შეკრებილ საზოგადოებას კოვიდ-საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოუწოდა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმაც, ხოლო რეგიონის კოორდინატორმა ბადრი კუკულაძემ ვაქცინების – ასტრაზენეკას, სინოფარმის, სინოვაკისა და ფაიზერის შესახებ ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა.
ცნობისათვის, საინფორმაციო შეხვედრა თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში კოვიდ-რეგულაციების დაცვით გაიმართა და მას მხარის პირველი პირის მოადგილე – გოჩა ქავთარაძეც ესწრებოდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.