თორნიკე რიჟვაძე – მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან
აჭარაში მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან,- ამის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის სხდომაზე დღეს მიიღეს. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, აჭარის მთავრობა აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას განსაკუთრებით არსებული პანდემიის პირობებში.
როგორც მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა აღნიშნული გადაწყვეტილება პანდემიური ეფექტით არის გამოწვეული.
,,ჩვენთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება კერძო სექტორის, ბიზნესის მხარდაჭერა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის შესაბამის სამინისტროებთან, მთავრობასთან, ისარგებლებენ დამატებით 1 წლიანი საშეღავათო პერიოდით. ასევე, მოხდება მოიჯარეების დამატებით ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია პანდემიური ეფექტით, რომელიც როგორც ქვეყანაში, ისე გლობალურად რჩება აქტუალური”- განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის ცნობით, რეგიონში წარმატებით მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი და უკვე ექსპორტირებულია 9 ათასი ტონა ციტრუსი, რაც 3- ჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
რაც შეეხება ეპიდვითარებას, მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში ბოლო პერიოდში გაიზარდა კორონავირუსის აცრის მსურველთა რაოდენობა. დღეის მდგომარეობით, აჭარაში ადმინისტრირებულია 240 ათასამდე დოზა, სრულად აცრილია მოსახლების 30% ზე მეტი, ხოლო სამიზნე კონტინგენტის 67%.