წალენჯიხის მერმა მოადგილეები წარადგინა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილეები წარადგინა. გიორგი ხარჩილავას მოადგილეების პოსტს ლაშა ზარქუა და თამარ ბელქანია დაიკავებენ.
მერმა მოადგილეების წარდგენისას კოალიციურ მმართველობაზე და მოსახლეობის დაკვეთაზე ისაუბრა.
რაც შეეხება მერის მოადგილეებს, ლაშა ზარქუამ წალენჯიხის პირველი სკოლა დაამთავრა, უმაღლესი განათლება კი თბილისის ბუნებათსარგებლობის ინსტიტუტში რეგიონის ეკოლოგიური მართვის ფაკულტეტზე მიიღო. სხვადასხვა წლებში მუშაობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი; კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი; წალენჯიხის რაიონის გამგებლის თანაშემწე.
თამარ ბელქანია კულტურის კვლევების დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მულტიმედია ცენტრის მთავარი სპეციალისტი და ჟურნალისტია. ბელქანია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და ამავე უნივერსიტეტის განვითარების ფონდის დირექტორი იყო. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინტროში არქივის უფროსად. არის არაერთი სამეცნიცნიერო ნაშრომის ავტორი. 2021 წლის არჩევნებზე კი ‘’ლელოს’ ’წალენჯიხის მერობის კანდიდატი გახლდათ.