ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის საავადმყოფოში კორონავირუსი 34 პაციენტს დაუდასტურდა
ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კორონავირუსი 34 პაციენტს დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.
დაწესებულებას ე.წ. ომბუდსმენი, ასიდა შაქრილი სტუმრობდა.
საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ირინა ანუას თქმით, პირველი შემთხვევა 13 ნოემბერს გამოვლინდა, მაშინ როდესაც 28 ოქტომბრიდან საავადმყოფოში კარანტინი მოქმედებდა, რადგან დაწესებულების 7 თანამშრომელს ჰქონდა დადასტურებული ვირუსი.
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განლაგდა ინფექციური პალატა. აღინიშნება, რომ ამჟამად სტაციონარში მძიმე პაციენტები არ არიან და ძირითადად საშუალო სიმძიმის მოქალაქეები გადიან მკურნალობის კურსს.
რამდენიმე ადამიანი ჟანგბადს იღებს.
როგორც ანუამ თქვა, თუ პაციენტების მდგომარეობა გაუარესდა, მათ სოხუმში, რუსულ ჰოსპიტალში გადაიყვანენ.