მარტვილში საკრებულოს სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს – დეპუტატები 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს უყრიან კენჭს
ზუგდიდისა და ბათუმის შემდეგ, საკრებულოს სხდომა ხმაურისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტშიც. წინა მოწვევის დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ 14 საკითხზე, მათ შორის, 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ უნდა იმსჯელონ.
ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომაზე საკრებულოს ახლადარჩეული წევრების დასწრებას მოითხოვენ. როგორც ისინი განმარტავენ, მათთვის მიუღებელია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი წინა მოწვევის დეპუტატებმა უნდა დაამტკიცონ.
ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილები არიან ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები. მათ სამართალდამცველები შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. „ქართული ოცნების“ წევრებს მიაჩნიათ, რომ ერთ სივრცეში ხალხმრავლობა კორონავირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს.
საკრებულოს სხდომა წინა მოწვევის დეპუტატებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“ პროტესტის ნიშნად დატოვეს.