ზვიად მხეიძე: ჩვენი მთავარი მიზანია ყველა ის ელემენტარული პირობა შევუქმნათ მოსახლეობას, რაც ხელს შეუწყობს მათ ადგილზე დამაგრებას
ამბროლაურის განვითარების პერსპექტივაზე, განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე პროგრამებზე, მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ ისაუბრა.
–ბატონო ზვიად, თქვენ მეორე ვადით იკავებთ მერის თანამდებობას, შესაბამისად კარგად იცნობთ მუნიციპალიტეტს. რა მიგაჩნიათ ძირითად მოსაგვარებელ საკითხებად და როგორ ხედავთ ამბროლაურის განვითარების პერსპექტივას?
-პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ამბროლაურელებს იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩემსა და ჩვენი გუნდის მიმართ გამოხატეს. 4 წელია მერი ვარ და არა მარტო სოფლების, არამედ ოჯახების დონეზე ვიცი რა სჭირდებათ ადგილობრივებს. მაქსიმალურად ვეცდებით ის საკითხები, რომელთა მოგვარებაც ამ წლების მანძილზე ვერ მოხერხდა ბოლომდე მივიყვანოთ. ჩვენი მთავარი მიზანია ყველა ის ელემენტარული პირობა შევუქმნათ მოსახლეობას, რაც ხელს შეუწყობს მათ ადგილზე დამაგრებას. ამისთვის კი მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა ხორციელდება.
-ბატონო ზვიად, იქნებ კონკრეტულად გვესაუბროთ რა მსხვილმასშტაბიანი პროექტები განხორციელდა ან მიმდინარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
-ბოლო წლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი ბიუჯეტით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ჩვენთვის, როგორც მაღალმთიანი მხარისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. სწორედ განხორციელებული პროექტების შედეგია, რომ 20-მდე სოფელი უკვე სარგებლობს კეთილმოწყობილი საავტომობილო გზებით და აღნიშნული პროცესი კვლავ აქტიურად გრძელდება, გარდა ამისა მიმდინარეობს სოფლების გაზიფიცირება, წყალმომარაგების სისტემებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, დამცავი კედლების, ხიდებისა და ბოგირების მშენებლობა, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება…
სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მერობის პერიოდში ამბროლაურში 200-მდე ოჯახი დაბრუნდა საცხოვრებლად და მათი უმრავლესობა ახალგაზრდაა. ეს ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და ამ პროცესს განვითარება და გაგრძელება სჭირდება.
-რა სახის სოციალური პოგრამები ხორციელდება მუნიციპალიტეტში?
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ 400-დან 900 ლარამდე ერთჯერადი დახმარებით, გვაქვს ასევე სამედიცინო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ქირურგიული ოპერაციების, სხვადასხვა სამედიცინო კვლევების, მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსებისკენ. გარდა ამისა, სოციალური პროგრამის საშუალებით, შესაძლებლობის ფარგლებში, ვეხმარებით მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, უსახლკაროებს, ხანძრით დაზარალებულებს და სხვა.
-როგორც ვიცით საინტერესო პროექტები ხორციელდება ქალაქ ამბროლაურშიც. როგორია სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით?
-დიახ, ქ. ამბროლაურში მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებასა და კიდევ უფრო გალამაზებას. მიმდინარეობს ცენტრალური ქუჩების კეთილმოწყობა, არსებული სკვერებისა და მიმდებარე შენობების რეაბილიტაცია, მასშტაბური სამუშაოები იწყება მდ. კრიხულას ,,სანაპიროზე”, სადაც დაგეგმილია რეკრეაციული ზონისა და გასართობი სივრცეების მოწყობა. აქვე მინდა აღვნიშნო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა – ,,განახლებული რეგიონები“, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონების განვითარებას და დამატებით ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. ეს ყველაფერი თავისთავად დადებითად აისახება ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე. შედეგად კი, ამბროლაური გახდება ძალიან მიმზიდველი და საინტერესო ადგილი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ჩამოსული ტურისტებისთვის.