ბათუმის საკრებულოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობენ. ადგილზე მათსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
სააკრებულოს შენობის წინ იმყოფებიან ის დეპუტატები, რომლებსაც სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. მათი განმარტებით, ადმინისტრაციულ უწყებაში სხდომები საჯაროა და უფლება აქვთ, რომ სხდომას დაესწრონ.
“ვითხოვდით, რომ სხდომიდან გამოსულიყვნენ ძველი საკრებულოს წევრები, ბიუჯეტი უნდა მიიღოს ახალმა საკრებულომ და არა ძველმა. პოლიციელები ვერ გვიხსნიან რატომ გვიზღუდავენ შესვლის უფლებას ადმინისტრაციულ უწყებაში, სადაც სხდომები არის საჯარო და უნდა დავესწროთ. მოვინდომეთ შესვლა, მეტი უფლება აღარ დაგვრჩა. ვხედავთ როგორ იცავენ ისინი ბოროტებას, ჩვენ არ დავიშლებით და ეს სხდომა ჩაიშლება. ამ უკანონობას ახალისებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, რომელმაც დაუყონებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
არსებული ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას ორი პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში დილიდან ხმაურია. ოპოზიის დეპუტატები და მათი მხარდამჭერები ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის კენჭისყრას აპროტესტებენ. ამ წუთებში საკრებულოში სხდომა შეწყვეტილია.