„თანასწორი გარემოს შექმნა, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების შემცირება და პრევენცია ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რაც ჯანსაღი საზოგადოების შექმნისთვისაა აუცილებელი“ – დავით შერაზადიშვილი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი წელსაც უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას. კამპანიის ფარგლებში, ჩვენს მუნიციპალიტეტში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი აცხადებს, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას გამოეხმაურა.

„კამპანიის პირველ დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის ხელმძღვანელის, აქტიური მოქალაქის თამრიკო ბობოხიძის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება. აქტიური ქალები საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი როლს ასრულებენ, ამიტომ მათი მხარდაჭერა ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერების პროცესში უდავოდ მნიშვნელოვანია.

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს და მათ არაერთ სერვისს სთავაზობს, მათ შორის ბინის ქირით უზრუნველყოფასა და ერთჯერად მატერიალურ დახმარებას. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ასევე ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ბოლნისის სათნოების სახლთან არსებული ,,ქალთა კრიზისული ცენტრი“ მოქმედებს, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს შესაბამის დახმარებას უწევს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მხოლოდ საჭირო სერვისების შეთავაზებით არ შემოიფარგლება და ჩვენ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, საზოგადეობაში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებისთვის არაერთ საინფორმაციო კამპანიასაც ვახორციელებთ.

თანასწორი გარემოს შექმნა, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების შემცირება და პრევენცია ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რაც ჯანსაღი საზოგადოების შექმნისთვისაა აუცილებელი, ამიტომ საჭიროა, ყველამ ერთად გავიაზროთ ამ პრობლემის არსი და მის მოსაგვარებლად ერთად აქტიურად ვიმუშაოთ“,- აცხადებს ბოლნისის მერი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები