პაულ ბიული – რა კავშირი აქვს გერმანელ რევოლუციონერს საქართველოს დამფუძნებელ კრებასთან
თეთრიწყარო განსაკუთრებულად გამორჩეული მუნიციპალიტეტია. ყველა ადამიანი აღფრთოვანებაში მოჰყავს მის ჰავას, წარმტაც ბუნებას, უნიკალურ კულტურულ ძეგლებს. მარტო სამშვილდის ნაქალაქარი და კანიონი რად ღირს… დაუსრულებლად შეიძლება მასზე საუბარი. ხალხიც საინტერესო ცხოვრობს, საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები, ცხოვრობენ სომხებიც, აზერბაიჯანელებიც, გარკვეული პერიოდის წინ ბევრი ბერძენი ცხოვრობდა, რომელთა კვალი ეხლაც მკაფიოდ ჩანს და ბერძნებისა და თეთრიწყაროელების თბილი კავშირები დღემდე თვალშისაცემია. აქ ცხოვრობდნენ რუსებიც, უკრაინელებიც.
მაგრამ თეთრიწყაროსათვის დღემდე განსაკუთრებულ მოვლენად რჩება გერმანელი კოლონისტების დასახლება. გერმანელები თეთრიწყაროს სოფელ ასურეთში (ყოფილი სამაჩვეთის ტერიტორია) 1818 წელს დასახლდნენ და მას ელიზაბეტთალი უწოდეს, რადგანაც ის დღე, როდესაც გადაწყვიტეს აქ დასახლება, იყო 19 ოქტომბერი – წმინდა ელიზაბეთის ხსენების დღე. პირველ ეტაპზე 70 გერმანული ოჯახი დასახლდა ელიზაბეტთალში. დასახლდნენ თუ არა, იმ დღიდან დაიწყეს მუხლჩაუხრელი შრომა. ამ მშრომელმა და წესრიგის მოყვარე გერმანელებმა ბევრი რამ გააკეთეს ელიზაბეტთალში, მის შემოგარენშიც, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე მრეწველობისა და ვაჭრობა-ხელოსნობის განვითარების კუთხით. საოცარი სანახავია მათი აშენებული ლუთერანული ეკლესია, ასევე დღემდეა შემორჩენილი ღვინის უზარმაზარი მარანი და მათი ფახვერკული სახლები, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 160-მდეა. ბევრი მეღვინე, მასწავლებელი, ეტლების ხელოსანი, დურგალი, სოფლის მეურნეობის მუშაკი და სხვა არაერთი პროფესიის ადამიანი გაზრდილა ამ სახლებში. ელიზაბეტთალში ბევრი საინტერესო ადამიანში იყო, მათ შორის გამორჩეულია პაულ ბიული.
სანამ ამ რევოლუციური იდეების მქონე ელიზაბეტთალელ გერმანელზე ვისაუბრებდეთ, მანამ, მცირედით შევეხებით ამ მოძრაობას – რევოლუციურს. ცნობილი ფაქტია, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპაში რევოლუციური მოძრაობა განსაკუთრებულად გაძლიერდა. ამ პერიოდში ჯერ კიდევ ძლიერია რუსეთის იმპერია. საქართველოშიც განსაკუთრებულად თვალშისაცემია რევოლუციური მისწრაფებები. მოქალაქეები დამოუკიდებლობას, დამოუკიდებელ რესპუბლიკას, ავტონომიას, პოლიტიკურ თავისუფლებას, არჩევით ხელისუფლებას და ზოგადად დემოკრატიას, დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანას ითხოვდნენ. მოთხოვნებში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სოციალურ საკითხებს, მაგალითად მუშათა უფლებებს, სოციალური თანასწორობას და სხვ. ეს მოთხოვნები და ზოგადად დამოუკიდებლიობის უდიდესი სურვილი ქართველ ხალხს ჰქონდა 1801 წლიდან, როდესაც რუსეთმა გაგვიუქმა ქართლ-კახეთის სამეფო, რასაც არაერთი თავგანწირული აჯანყებაც მოჰყვა. თუმცა, მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ ყველაფერმა გარკვეულწილად სხვა სახე მიიღო. საქართველოში ამ რევოლუციური მოძრაობის სათავეში ძირითადად, რა თქმა უნდა, ქართველები იყვნენ, თუმცა, ქართველებთან ერთად იმპერიალიზმის წინააღმდეგ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებიც იბრძოდნენ, მათ შორის გერმანელები. სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო ელიზაბეტთალში დაბადებული და გაზრდილი პაულ ბიული. პაული 1878 წელს აქ მცხოვრები გერმანელი კოლონისტი ხელოსნების ოჯახში დაიბადა, განათლება რუსეთის იმპერიაში, კერძოდ ბესარაბიის გუბერნიაში მიიღო (ბესარაბიის გუბერნია მე-19 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისამდე მოლდავეთის აღმოსავლეთი ნაწილი იყო, რომლის ანექსია რუსეთმა 1812 წელს მოახდინა. დღეს ამ ტერიტორიის 70 % ისევ მოლდავეთს ეკუთვნის, 30 % კი – უკრაინას). იგი ელიზაბეტთალში არსებულ სკოლაში 1897 წლიდან მუშაობდა პედაგოგად, ამ პერიოდიდან ხდება პოლიტიკურად აქტიურიც და პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ადგილობრივებს უზიარებდა რევოლუციურ იდეებს.
პაულ ბიული 1917 წლიდან გახდა სოციალ დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში გერმანია იყო საქართველოს ყველაზე დიდი მოკავშირე და საქართველომ სწორედ გერმანიის დახმარებით შეძლო მაშინ ოსმალეთის შეჩერება, თუმცა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ოსმალების მოგერიების მიუხედავად, ელიზაბეტთალში და მთლიანად ამ მხარეში არ წყდებოდა შეიარაღებული რაზმების თარეში, რომელთა ასალაგმად ქართულ არმიასა და სახალხო გვარდიას ეხმარებოდა გერმანული ჯარის ნაწილებიც და სწორედ ამ გერმანული ჯარების ერთ-ერთი ნაწილის შტაბი ყოფილა პაულ ბიულის სახლში.
საქართველოს ეს განათლებული, ენერგიული მოქალაქე 1919 წლის თებერვალში, მაშინ როდესაც ჩატარდა პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები, არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების – პარლამენტის წევრად, სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. მაშინ 130-დან 109 მანდატი მოიპოვეს სოც. დემოკრატებმა, პაული კი სიის 92-ე ნომერი იყო. იგი, როგორც პარლამენტის წევრი, ყოფილა განსაკუთრებულად აქტიური, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და გერმანული მოსახლეობის ურთიერთობაში. პაულ ბიული იყო პარლამენტის სახალხო განათლების, საბიბლიოთეკო და აგრარული კომისიების წევრი.
პაულ ბიული 1921 წლის თებერვლის მოვლენების შემდეგ არ წავიდა ემიგრაციაში. იგი იბრძოდა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ, რის გამოც ჩეკამ (საგანგებო კომისია) დააპატიმრა ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით. განთავისუფლების შემდეგ მან ცხოვრება გააგრძელა მშობლიურ ელიზაბეტთალში. თუმცა, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ იგი კვლავ დააპატიმრა და სამეულის (ე.წ. ტროიკის) გადაწყვეტილებით 1938 წლის 20 აპრილს დახვრიტა…
1941 წელს პაულ ბიულის ოჯახი სხვა გერმანელებთან ერთად გადასახლებულ იქნა საქართველოდან.
•
საბჭოთა რეჟიმის „დამსახურებით“ პაულ ბიულის მემორიალურ დაფაზე, რომელსაც მალე განვათავსებთ ელიზაბეტთალში (ასურეთი) მის საცხოვრებელ სახლთან, არ იქნება ბიულის ფოტო, რადგანაც იგი არ მოგვეპოვება. თუმცა, იქ იქნება პაულ ბიულის ხელმოწერა, ხელმოწერა რომელიც ამშვენებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს…
ლევან ჟვანია