კულტურის სამინისტროს ძალისხმევით უშგულში ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი სვანური კოშკების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევით, მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში, რატიანების, ჭელიძეებისა და ღვაჩლიანების სამ კოშკს გადაუდებელი რეაბილიტაცია უტარდება. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, რეაბილიტაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს სვანეთს სამუშაო ვიზიტით კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ეწვია. უშგულში მინისტრი ადგილზე გაეცნო UNESCO-ს ნუსხაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას და მათი სავალალო მდგომარეობით შეწუხებულ მოსახლეობას დაპირდა, რომ სამინისტრო ზამთრის დადგომამდე ქმედით ზომებს მიიღებდა კომპლექსური პრობლემის ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოფხვრის მიზნით. სწორედ ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია ამჟამად უშგულის თემის კოშკების რეაბილიტაცია.
“პირველი სამი კოშკი განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობისა და იქიდან გამომდინარე შეირჩა, რომ დაზიანებული სახურავის მიზეზით და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მომავალ ზამთარს მათ აუნაზღაურებელი ზიანი მიადგებოდათ. სამუშაოების ფარგლებში გამოიცვლება კოშკების გადახურვა, რაც მოიცავს ძველი ხის კოჭების ახლით ჩანაცვლებას, იზოლაციის მოწყობას, არსებული ფიქალის ქვის გადამუშავებას და სახურავის მოწყობას.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებენ სამუშაო ჯგუფები, რომლებიც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, სრულად დაკომპლექტებულია ადგილობრივი მაცხოვრებლებით. სამუშაოების დამკვეთია სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
ინფორმაცია სარეაბილიტაციო კოშკების შესახებ:
ზაქრო რატიანის შეწყვილებული (ტყუპი) კოშკი (სვანურად მურყვამი) უშგულის თემის ჟიბიანის უბანში დგას და უნდა ეკუთვნოდეს განვითარებული შუა საუკუნეების ბოლო პერიოდსა და გვიან შუა საუკუნეებს. ის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია (მასზე მიდგმულია მაჩუბი). ეს არის ხუთსართულიანი ორი ერთმანეთზე მიდგმული კოშკი, რომელიც თავის დროზე აღდგენის შედეგად გაუერთიანებიათ და შედეგად ბოლო ორი სართული ერთიან სივრცეს ქმნის.
ბესო ჭელიძის კოშკი (სვანურად მურყვამი) დგას უშგულის თემის უბან ჩვიბიანში, თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით და ერთადერთი შემორჩენილი კოშკია ამ უბანში. ის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია (მასზე მიდგმულია მაჩუბი). კოშკი ხუთსართულიანია, რომელშიც ასასვლელი ამჟამად საცხოვრებელი სახლიდანაა. სართულშორისი გადახურვა ქვითკირისაა. ქონგური გადახურულია ფიქალით.
ვიტალი/ვარდენ ღვაჩლიანის კოშკი – სოფ. მურყმელი – დგას უშგულის თემის უბან მურყმელში და განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება. წარმოადგენს კომპლექსის შემადგენელ ნაწილს (მასზე მიშენებულია მაჩუბი). კოშკი ექვსსართულიანია. სართულშორისი გადახურვა ხის კოჭოვანია. პარაპეტი დახურულია ფიქალის ქვით.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 18 ნოემბერს დაიწყო და მიმდინარე წლის 18 დეკემბერს დასრულდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.