სტეფანწმინდაში კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, ახლადარჩეულ მერ ბაკურ ავსაჯანიშვილთან და მის მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად, შეკრებილ საზოგადოებას ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასა და აცრის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს და მათ ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მხარის პირველმა პირმა, მერთან და მის მოადგილესთან ერთად, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი მოინახულა, სადაც ვაქცინაციის პროცესი უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს.
როგორც დავით ნოზაძემ აღნიშნა, მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მომავალშიც გაგრძელდება.
“ჩვენს რეგიონში იმუნიზაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს აქტიურად ვაგრძელებთ. დღეს ვიმყოფებოდით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სადაც პანდემიისა და ვაქცინაციის შესახებ ვისაუბრეთ. აღვნიშნეთ, რომ აცრა ჩვენივე უსაფრთხოებისა და ქვეყნის განვითარებისათვისაა საჭირო. ამიტომ, მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ.
ამ ეტაპზე მცხეთა-მთიანეთში მასობრივი იმუნიზაციის 5 ცენტრი და სოფლის 21 ამცრელი ამბულატორია გვაქვს. ვაქცინაციის პუნქტებში სრულიად უსაფრთხო და კომფორტული გარემოა შექმნილი. შესაბამისად, ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით, ადგილობრივი ხელისუფლება, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ, რათა იმუნიზაციის პროცესში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს,” – განაცხადა დავით ნოზაძემ.
ცნობისთვის,  ყაზბეგის მუნიციპალეტეტში მასობრივი იმუნიზაციის 1 ცენტრი და სოფლის 2 ამბულატორია მოქმედებს.

აღნიშნულ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები