„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ჩხოროწყუში აღმაშენებლისა და გობეჩიას ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„განახლებული რეგიონების” ფარგლებში ქალაქ ჩხოროწყუში მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ ჩხოროწყუს აღმაშენებლისა და გობეჩიას ქუჩების რეაბილიტაცია.
„სამუშაოები მოიცავს:
მუზეუმისა და სახელოვნებო სკოლის ფასადების შეკეთებას.
ქალაქის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერისა და სპორტული მოედნების მოწყობას.
წმინდა გიორგის მონუმენტის რესტავრაციას.
მერიის შენობის ფასადის, ტროტუარებისა და გაზონების რეაბილიტაციას.
ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციას.
აღმაშენებლის ქუჩაზე სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაციას.
მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ობელისკის რესტავრაციას.
პოლიციის შენობის ფასადისა და ტროტუარის რეაბილიტაციას.
პროგრამა „განახლებული რეგიონები” 4-წლიანია. ის საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.
„განახლებული რეგიონების“ პროგრამის შედეგად, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.