მთავრობის ინიციატივის შემდეგ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეში 200 აცრა კეთდება

გორის სამხედრო ჰოსპიტარლში ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ უფრო გააქტიურდა, რაც მთავრობის ინიციატივა ამოქმედდა. როგორც ჰოსპიტალში აცხადებენ, 8 ნოემბრის შემდეგ, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას დღეში, დაახლოებით, 200 ადამიანი იკეთებს.

“ჩვენთან ვაქცინაცია ხორციელდება ვაქცინების შემოტანის პირველი დღიდანვე, რა თქმა უნდა ტემპმა ერთი პერიოდი მოიკლო, მაგრამ მას შემდეგ რაც მთავრობის მიერ დაანონსდა პენსიონერების 200-ლარიანი დანამატი, მნიშვნელოვნად მოიმატა და დღეში ახლა იცრება დაახლოებით 200 ადამიანი. გარდა ამისა ჰოსპიტალს ყავს გამსვლელი ბრიგადები, რომლებიც აცრებს ახორციელებენ სოფლებში”, – აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმი.

გორელი პენსიოენერები მთავრობას ერთჯერადი დანამატისთვის მადლობას უხდიან და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

“ერთი წლის წინ გადავიტანე კოვიდი და ახლა ავიცერი. შემეშინდა, ჩემი შვილები, შვილიშვილები უკვე აიცრნენ და ყველას მოვუწოდებ რომ გაიკეთოს ვაქცინა. ეს 200-ლარიანი დანამატი ყველას წაახალისებს, დიდი მადლობა ამისთვის მთავრობას”, – ამბობს პენსიონერი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს აიცრა.

“დიდი მადლობა ამ დანამატისთვის, ჩვენთვის ეს დიდი შეღავათია, ან წამალს ვიყიდით, ან პროდუქტს. 88 წლის ვარ და ავიცერი, ყველას მოვუწოდებ აიცრას, რათა კიდევ უფრო მეტად არ გავრცელდეს ეს ვირუსი”, – თქვა ერთ-ერთმა პენსიონერმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინიციატივით, 60 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც პირველი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებიან, ერთჯერადად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ. დანამატი უკვე მიიღო 10 121-მა ადამიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები