ახალციხეში 19 წლის ბიჭის სიკვდილში ოჯახი კლინიკას ადანაშაულებს
სამცხე-ჯავახეთის ექსპერტიზის ბიუროსთან, გვიან ღამით ადგილობრივები 19 წლის მამაკაცის გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენას მოითხოვდნენ. ისინი მომხდარში კლინიკას ადანაშაულებენ.
ოჯახის ახლობლების განცხადებით, გარდაცვლილს 11 ნოემბერს კუჭის წყლულის ოპერაცია გაუკეთდა, 16 ნოემბერს საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა კლინიკაში 17-ში პაციენტის უკან დაბრუნება მოითხოვეს და მალევე გარდაიცვალა.
“დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სასწრაფო ოპერაცია ჩაატარეს. ოთხი დღის შემდეგ გამოწერეს და სახლში წავიყვანეთ. თავს კარგად გრძნობდა. ამის შემდეგ მისი უკან დაბრუნება მოითხოვეს და თქვეს, რომ 10 დღის შემდეგ გამოწერდნენ. წავიყვანეთ საავადმყოფოში და დღეს დაგვირეკეს, რომ ცუდად გახდა და ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალქალაქის საავადმყოფოში კი გვითხრეს, რომ როცა გადმოიყვანეს ის უკვე გარდაცვლილი იყო.
არ ვიცით რა მოხდა. ამის გაგება გვინდა, რატომ მოხდა ასე. რა უნდა იფიქრო, როცა საკუთარი თვალით ხედავ, რომ კარგადაა, დღე არ გასულა და გარდაცვლილია. საავადმყოფოში მათ არაფერი გააკეთეს,”- აცხადებს გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი