ირაკლი ანთაძის თქმით, უკანონოდ დაკავებულ გელა გოჭოშვილს დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
რუსული საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ გელა გოჭოშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ ერგნეთის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ყველა ის ინციდენტი განიხილეს, რაც საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში მოხდა.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა ის ინციდენტი, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში. ასევე, ვისაუბრეთ მოქალაქეების უკანონო დაპატიმრებებზე და უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე. შეხვედრაზე გაგვიზიარეს ინფორმაცია გელა გოჭოშვილთან დაკავშირებით. მას ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ის ბრალდებები, რაც მის მიმართაა წაყენებული, სრულიად უსაფუძვლოა“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გენადი ბესტაევის უკანონო პატიმრობაზეც ისაუბრეს. ბესტაევი ინსულტის დიაგნოზით ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ორი დღის წინ გადაიყვანეს.
ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა ახალგორის გამშვები პუნქტის გახსნა.
ერგნეთში შეხვედრა დღეს ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.