თეა ახვლედიანი: საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები კონკრეტულ შემთხვევებში, საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი ორი განუყოფელი – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ხელოვნური იზოლაციით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა ახალგორის რაიონი, სადაც წარმოქმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს საუბედუროდ არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა, – ამის შესახებ შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში მოსმენაზე განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ორი მოქალაქე უახლოეს მომავალში გათავისუფლდება.

დღევანდელი ჩემი მოხსენება უკავშირდება სახელმწიფო მინისტრის პოზიციაზე ჩემი დანიშვნიდან გასულ, ფაქტიურად ერთწლიან პერიოდს, რომელიც, მოგეხსენებათ, იყო – ქვეყნის შიდა, რეგიონული თუ საერთაშორისო მნიშვნელოვანი განვითარებების ფონზე – უპრეცედენტოდ რთული, გლობალური პანდემიის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. მიმდინარე რუსული ოკუპაციითა და მისი თანმხლები უკანონო პროცესებით შექმნილი ისედაც მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა – რაც განპირობებულია დე ფაქტო ანექსიისკენ აქტიურად გადადგმული ნაბიჯებით, გალისა და ახალგორის მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაციით, გადაადგილების თავისუფლების, მშობლიურ ენაზე განათლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვით – კიდევ უფრო გამწვავდა პანდემიის პირობებში. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი ორი განუყოფელი – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ხელოვნური იზოლაციით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა ახალგორის რაიონი, სადაც წარმოქმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს საუბედუროდ არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა. პანდემიის პირობებშიც კი, გრძელდებოდა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები, ე.წ. ბორდერიზაციის და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ჩათვლით, რაც, მოგეხსენებათ, არა მხოლოდ უკანონოდ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, არამედ რიგ შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რისი ნათელი მაგალითიც სწორედ ამ დღეებში იყო გენადი ბესტაევის შემთხვევა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება ჩვენი ორი მოქალაქე – მათ შორის, ირაკლი ბებუა აფხაზეთის მიმართულებით; რწმენას გამოვთქვამ, რომ მათი გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები