ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები პირველი სხდომის დაუყოვნებლივ ჩატარებას ითხოვენ. შესაბამისი განცხადება ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „დროას“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ და „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლებმა გააკეთეს.
როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, წინა მოწვევის საკრებულო ცდილობს, მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცოს და არაერთი ქონება აჭარის მთავრობას გადასცეს.
მათი თქმით, ახალი მოწვევის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” უმრავლესობა არ ჰყავს.
“ბიუჯეტის დამტკიცებას ძველი საკრებულო შეეცდება იმიტომ, რომ სამჯერ ჩავარდნის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს არა მარტო საკრებულოს, არამედ მერის რიგგარეშე არჩევნებიც. ახალ საკრებულოში კი, ამის დიდი ალბათობა იქნება. სწორედ ამას გაურბის „ქართული ოცნება”, – განაცხადა”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნოდარ დუმბაძემ.