„გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ჯერ – ჯერობით ექიმებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება“ – გორის მერის მოადგილე

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გენადი ბესტაევის დას ნაირა გუდაძეს შეხვდა და პროდუქტი ჩაუტანა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის შედეგად, მოხდა გენადი ბესტაევის გადმოყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ის ახლა კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ვიცით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ჯერ – ჯერობით ექიმებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება, თუმცა ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
იმედი მაქვს, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება. სამწუხაროა, რომ უკანონო დაკავებები ამ დრომდე გრძელდება, რაც რიგ შემთხვევებში საფრთხეს უქმნის ადგილობრივების სიცოცხლესაც კი. ჩვენ მაქსიმალურად დავუდგებით ოჯახს მხარში. იმედს გამოვთქვამ, რომ გენადი ბესტაევი გამოჯანმრთელდება და მსგავსი შემთხვევები მომავალში მაინც აღარ მოხდება“ – აცხადებს თამაზ შიოშვილი.

საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. იგი სოფელ ზარდიაანთკარში, საკუთარ სახლთან დააკავეს.
ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ საღამოს გადმოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები