200-ლარიანი წამახალისებელი ღონისძიების შედეგად ვაქცინაციის ტემპი რეგიონებში მატულობს
მთავრობის მიერ წამოწყებული, 200-ლარიანი წამახალისებელი ღონისძიების შედეგად, ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა. იმუნიზაციის პუნქტებში ხალხმრავლობაა საქართველოს ყველა რეგიონში. აცრის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც, სადაც დღიურად უკვე 100-ზე მეტი ადამიანი, იცრება, როდესაც გასულ თვეში ეს მაჩვენებელი 15-20-ს არ აღემატებოდა.
“სექტემბერ-ოქტომბერში ძალიან იყო შემცირებული და ნოემბრის თვეში ვაქცინაციაზე მომართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ალბათ ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი მთავრობის ინიციატივა, პენსიონრებისთვის 200 ლარიანი დანამატის მიცემა გახდა. მსგავსი ინიციატივები მთავრობის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. თავად ადამიანებიც დარწმუნდნენ, რომ ვინც ვაქცინირებულია უფრო მარტივად გაადაქვს ვირუსი.
მოვუწოდებ ყველას, პენსიონრებს, ახალგაზრდებს, უფრო აქტიურად მოგვმართონ. გთხოვთ, აიცერით, ჩვენი და სხვისი სიცოცხლის დასაცავად”,- ამბობს ოჯახის ექიმი, ქეთინო ჭყონიძე.