ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე ხელმძღვანელობდა და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ „კვირას“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ცნობით, თათბირზე სხვადასხვა მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილეს და იმ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შესაბამის ჩართულობას საჭიროებს. განსაკუთრებული ყურადღება არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე გამახვილდა.
„ამბროლაურის ჯანდაცვის ცენტრის გარდა, ვაქცინაციის დამატებითი სივრცე გახსნილია სოფელ ჭრებალოში. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ, როგორც ჯავშნით ასევე ადგილზე რეგისტრაციის გამოყენებით და მიიღონ მომსახურება შეფერხების გარეშე.
,,ქვეყანაში და კონკრეტულად ჩვენს მუნიციპალიტეტში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მეტად საყურადღებოა. ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი და დიდია ლეტალური შედეგიც. შემდგომი მოვლენების განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობაზე.
მინდა თითოეულ თქვენგანს მოგმართოთ თხოვნით მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის უფრო ფართომასშტაბიანი გავრცელება.” – აღნიშნა ზვიად მხეიძემ.
სამუშაო შეხვედრაზე სამსახურების უფროსებმა განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრეს და საკურატორო სფეროების მიხედვით კონკრეტული დავალებები მიიღეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.