დიდი ბრიტანეთის ელჩი ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრისა და ნავსადგურის საქმიანობას გაეცნო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონსა და სამხედრო ატაშეს, ტონი ბრუმველს უმასპინძლა.
დიდი ბრიტანეთის ელჩმა ახლადგახსნილი „ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის“ ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი 13 ლაბორატორია დაათვალიერა და საზღვაო სასწავლებლის მიერ ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს გაეცნო.
ფოთის საზღვაო სასწავლებელში მოქმედი მეზღვაურები მაღალი დონის საწვრთნელ კურსებს გადიან. პირველივე წელს ათმა პროფესიულმა საგანმანათლებლო პროგრამამ მიიღო აკრედიტაცია და დღეისათვის დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 300-მდე სტუდენტი სახელმწიფო დაფინანსებით ეუფლება მოთხოვნად პროფესიებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საზღვაო სასწავლებელი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონსა და სამხედრო ატაშეს, ტონი ბრუმველს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი გააცნო და ქვეყნის საპორტე სექტორში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ და ინოვაციურ პროექტებზე, მათ შორის გაციფროვნებისა და „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვის პროცესზე ესაუბრა.
„ბრიტანეთის ელჩის, ბატონი მარკ კლეიტონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოსა და ბრიტანეთის თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში და ემსახურება მომავალში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას”, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დადებული ორმხრივი მემორანდუმის საფუძველზე ქართველ მეზღვაურებს წარმატებით შეუძლიათ დასაქმდნენ გაერთიანებული სამეფოს დროშების ქვეშ მცურავ სავაჭრო ფლოტში.
ვიზიტის ფარგლებში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა ბრიტანეთის ელჩსა და სამხედრო ატაშეს ფოთის საზღვაო ნავსადგური და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.