ელისო ბოლქვაძე: ბათუმი თავის რესურსებს მუსიკალური ხელოვნების განვითარებას მიუძღვნის
ბათუმი, პირველად ქალაქის ისტორიაში, იუნესკოს კრეატიული ქალაქების გაერთიანების წევრი გახდა. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის განცხადებით, ბათუმის იუნესკოს კრეატიული ქალაქების გაერთიანებაში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ზღვისპირა ქალაქი თავის რესურსებს მუსიკალური ხელოვნების განვითარებას მიუძღვნის.
„ქალაქის ეს სტატუსი ხელს შეუწყობს და გააძლიერებს ქვეყნის პოზიციებს საერთაშორისო კულტურულ და ტურისტულ რუკაზე,“ – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ ბათუმს იუნესკოს კრეატიული ქალაქების გაერთიანების წევრობა მიულოცა.
გაერთიანებაში შედის 90 ქვეყნის 295 ქალაქი. ქალაქები ერთიანდებიან საერთო იდეის ირგვლივ, მხარს უჭერენ კულტურასა და შემოქმედებით სფეროში ინვესტიციებსა და მდგრად ურბანულ განვითარებას.
ელისო ბოლქვაძე 2015 წლიდან დღემდე იუნესკოს მშვიდობის ელჩია. ის 2021 წელს მეორე მანდატით აირჩიეს.
„ბათუმის ფესტივალის ეგიდით, იუნესკოსთან ყოველთვის ვთანამშრომლობდი და კვლავ განვაგრძობ მჭიდრო თანამშრომლობას. 2013 წლიდან ბათუმის მუსიკალური ფესტივალი ყოველწლიურად იმართება იუნესკოს მხარდაჭერითა და საქველმოქმედო ფონდ „ლირას” ხელშეწყობით“, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.