ბაკურიანს ინსპექტირების მიზნით საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები ეწვივნენ

საქართველომ 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა. ინფორმაციას მთის კურორტების გაერთიანების კომპანია ავრცელებს.

კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2023 წლამდე ქვეყანას ვალდებულება აქვს აღებული ჩაატაროს სატესტო ღონისძიებები. 2022 წელს ბაკურიანში გაიმართება ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპები სხვადასხვა დისციპლინებში – სლოუფ სთაილში, სნოუბორდსა და თხილამურებში, ასევე პარალელურ სნოუბორდში.

საშეჯიბრო ტრასის ინსპექტირების მიზნით ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დელეგატები, ინსპექციის საერთაშორისო სპორტული მარკეტინგის კომპანია Infront-ი და ღონისძიების საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები OnCourse და Schneestern-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ინსპექციაზე საორგანიზაციო მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიც არის: ინფრასტრუქტურა, შეჯიბრის სტარტისა და ფინიშის სივრცეების ორგანიზება და სხვა საკვანძო საკითხები.

„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოები. ახლა მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. ასაშენებელი გვაქვს წყლის ხელოვნური რეზერვუარები. ვფიქრობ , რომ 2023 წელს საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს”- განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ.

სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის ზურაბ კოსტავას განმარტებით, შემდეგ ეტაპზე საორგანიზაციო კომიტეტისთვის იწყება სემინარები.

„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებმა მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოები დადებითად შეაფასეს. დაგვრჩა ერთი სატესტო შეჯიბრი 2023 წლამდე, რომელიც უმნიშვნელოვანესია შემდეგ ნაბიჯზე გვეწყება სემინარები, რომელიც საორგანიზაციო კომიტეტს დაეხმარება ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებაში“- განაცხადა ზურაბ კოსტავამ.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საშეჯიბრო დირექტორის თქმით, პანდემიის მიუხედავად მოსამზადებელი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„მიუხედავად მძიმე პანდემიური ვითარებისა, ბაკურიანში მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ რომ ასეთი მუშაობით საუკეთესო შედეგს მივიღებთ და 2023 წლის ჩემპიონატს წარმატებით ჩავატარებთ“ – განაცხადა რობერტო მორესიმ.

საქართველომ 2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე კონგრესზე მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები