ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 18 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირება მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სოფელ ხაბუმეში, ეწერის უბანში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერეს. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 18 დასახლებულ პუნქტში ერთდროულად აწარმოებს.
პროექტის ფარგლებში, ჯამურად აშენდება 493 297 გრძივი მეტრი გაზსადენი და 6 112 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. “პროექტის ღირებულება შეადგენს 16 372 691 ლარს.
2019 წელს ქალაქ ჩხოროწყუში აშენდა მკვებავი გაზსადენი და შესრულდა შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები, რომელმაც ქალაქის 1 609 ადგილობრივ მოსახლეს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობა მისცა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.