ფოთის მერი: ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა იმ გეგმებისა და პროექტებისთვის, რომელიც გვაქვს დაგეგმილი და წინასაარჩევნოდ გვქონდა გაცხადებული

არჩევნების შემდეგ პირველი სამუშაო შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან. ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა იმ გეგმებისა და პროექტებისთვის, რომელიც გვაქვს დაგეგმილი და წინასაარჩევნოდ გვქონდა გაცხადებული, – ამის შესახებ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფოთის მერმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რაც მთავრობის მეთაურთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

„პირადად ჩვენ ბატონი პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა იმ პროექტებთან მიმართებაში, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. მე მალე შევუდგები ჩემი უფლებამოსილების განხორციელებას და შესაბამისად, იმ პასუხისმგებლობების განხორციელებას, რომელიც მოსახლეობის წინაშე ავიღე. მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დავიწყოთ მოქმედება და ერთობლივად იმ გეგმების განხორციელება, რომელიც გვაქვს, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად გზების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების გამოსწორება, რაც მნიშვნელოვნად აწუხებს ჩვენს ქალაქს. აქ კონკრეტულად გვქონდა საუბარი, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ სწრაფად, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, იგივე წყალარინების სისტემის სწრაფი ტემპით ასამუშავებლად, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენი ქალაქისთვის, იგივე იმ ტურისტული პოტენციალის გამოსაყენებლად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი იყო ჩვენი წინასაარჩევნო კომუნიკაციის მოსახლეობასთან, იმიტომ, რომ ყველამ იცის, რა დიდი პოტენციალი აქვს ფოთს ამ კუთხით. კონკრეტული საუბარი გვქონდა საქმესთან მიმართებაში, რით შეიძლება დავიწყოთ და როგორ მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ პროექტების განხორციელებას. იგივე გადახურვებთან მიმართებაში მრავალბინიანი საცხოვრებლების, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და იმ ყოფითი და ყოველდღიური ლოკალური პრობლემებთან დაკავშირებით გვქონდა დეტალური განხილვა, სად გვჭირდება ჩვენ ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების დახმარება და რა ტიპის კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ, რომ სწრაფად და ეფექტურად შევძლოთ მუშაობა ყველა ამ საქმესთან მიმართებით”, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები