კელი დეგნანმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ადგილი ყვავილებით შეამკო

8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ ბათუმში პირველი ვიზიტისას, ელჩმა დეგნანმა, ამერიკელი ხალხის სახელით, ყვავილებით შეამკო ის ადგილი, სადაც, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.

„ამერიკის საელჩო, კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და ბათუმის საზოგადოებას“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 3 ბავშვი. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები