გორის მერიამ “ეტალონ” მოსწავლეს და მის დამრიგებელს სტიპენდია დაუნიშნა
გორის მერიისგან „გორის ეტალონი მოსწავლე“ – ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის XI კლასელი ანა თევზაძე და მის დამრიგებელი ერთი წლის განმავლობაში 100 – 100 ლარის ოდენობით სტიპენდიას მიიღებენ. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„გორის ეტალონი მოსწავლე“ ინტელექტუალური ჩემპიონატის „ეტალონის“ მე-2 ტურის შედეგად გამოვლინდა. ამავე ტურის შედეგად გამოვლინდნენ გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩემპიონატის მე-2 და მე-3 საპრიზო ადგილების მფლობელი მოსწავლეებიც.
“სამივე მონაწილეს დღეს გორის მერიაში უმასპინძლეს. მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და პროექტ „ეტალონის“ ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა თითოეულ მათგანს მიღწეული წარმატება მიულოცეს, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ – ჩემპიონატი„ეტალონის“ 1-ლი და მე-2 ტური დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, რომელშიც გორის მუნიციპალიტეტის 66 სკოლის 417 მოსწავლე მონაწილეობდა.
ჩემპიონატის ფინალური ტური დეკემბერში გაიმართება. მასში მონაწილეობას საქართველოს მუნიციპალიტეტების დონეზე გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ”, – ნათქვამია განცხადებაში.