პრემიერი: მინდა, წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთ ოპოზიციურ კანდიდატს, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში

მინდა, წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთ ოპოზიციურ კანდიდატს, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გია ხარჩილავასთან მთავრობა კონსტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლებს.

„მინდა, განვუცხადო მას, რომ ჩვენ მთელი მთავრობა, ცენტრალური მთავრობა ვიქნებით მზად, რომ ვითანამშრომლოთ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში. რა თქმა უნდა, მე როგორც პრემიერ-მინისტრი, გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის.

ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ მინდა, დავაზუსტო დღეს, რომ ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც. ასე რომ, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და ახლა საჭირო არის საქმეზე კონცენტრირება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გია ხარჩილავამ გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები